შევარდნაძის აზრით, "არსებობს საშიშროება, რომ ამ პროცესში ჩათრეული იქნან უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებიც!"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის სისხლიანი მოვლენების შეფასებისას ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ ჯგუფს ან მხოლოდ ხელისუფლებას არ აკისრებს მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ უკრაინის "ტრაგედიაში ერთი დამნაშავე არ არსებობს. დამნაშავეა ყველა, ვინც მოახდინა ამის პროვოცირება და ისიც, ვინც არაფერი გააკეთა სისხლისღვრის შესაჩერებლად."
შევარდნაძე უკრაინისა და საქართველოსადმი დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზეც საუბრობს და ამბობს:
"იგივე ევროპა და ამერიკა ასეთივე მკაცრი და პრინციპულები რომ ყოფილიყვნენ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც 7 ნოემბრს ხალხი მოწამლა, 26 მაისს კი რუსთაველის გამზირი საკუთარი ხალხის სისხლით შეღება, მათი სამართლიანობა და დემოკრატიულობა კიდევ უფრო სარწმუნო და დამაჯერებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, მოხდა პირიქით და სააკაშვილი დღეს ამერიკიდან იძლევა რჩევებს – როცა საჭირო გახდა, მე სისხლი კი არ დავღვარე, გადავდექიო. სააკაშვილმა იმდენი სისხლი დაღვარა, წარმოდგენაც კი შეგზარავს და ეს კარგად იცის ამერიკამაც და ევროპამაც. უბრალოდ სააკაშვილის შემთხვევაში ამაზე ერთმაც და მეორემაც თვალი დახუჭა, რატომ – ეს კიდევ გასარკვევია".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსაც აკრიტიკებს და აცხადებს:
"არა მგონია მათი ["ნაციონალების"] შეფასებები ვინმეს აინტერესებდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემოქმედი ხელისუფლება, რომელმაც ამდენი ტერიტორია რუსეთს ჩააბარა, სხვის რუსულ ორიენტაციაზე არ უნდა საუბრობდეს.
რაღაც ძალიან საეჭვოა მათი განცხადება – საქართველოს ხელისუფლება ყველაფერ აკეთებს, რომ უკრაინის მოვლენები ჩვენთან განმეორდესო. ეჭვი მაქვს, რომ თავად აქვთ ამის დიდი სურვილი. სხვათა შორის, მათთან სიფრთხილეა საჭირო, რომ ისევ რაიმე პრვოკაციაში არ გაგვხვიონ", -ამბობს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
No comments:
Post a Comment