add by be news

რა სკანდალშია გახვეული პრეზიდენტი მარგველაშვილი



ჩვენ ამ სტატიას უცვლელად გთავაზობთ: "მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად სხვისი ხათრით აირჩიეს, მის შესახებ არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.
პირველი იყო მარგველაშვილის გადაწყვეტილება, ხელფასის გაორმაგების შესახებ. მშიერ და ღარიბ ქვეყანაში მარგველაშვილმა ხელფასის გაორმაგება მოისურვა, თუმცა, საზოგადოებისა და პრემიერის მწვავე რეაქციის შემდეგ, იძულებული გახდა საკუთარი გადაწყვეტილება უკან წაეღო.

მეორე იყო რუსთაველზე მოკლული 23 წლის ზურა ტარყაშვილის მშობლების განცხადება იმის შესახებ რომ მათი შვილის ერთ-ერთი მკვლელი, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე, ვინმე მინდია გოგოჭურია, რომელიც ადრე მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა (გოგოჭური ცოტა ხნის წინ კოკაინის „პერედოზიროვკით“ საავადმყოფოშიც მოხვდა).
მაშინ, მოკლული ტარყაშვილის მშობლებმა განაცხადეს რომ გოგოჭურს, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მონაწილეა (მათ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს), მარგველაშვილი პირადად მფარველობს, რის გამოც მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის თქმით, გოგოჭურის ტარყაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის თაობაზე უამრავი მტკიცებულება, მათ შორის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრებიც არსებობს, რომელსაც ამ წუთებში, ექსპერტიზა უცხოეთში უტარდება.
შემდეგი სკანდალი ისევ გოგოჭურსა და მარგველაშვილის შვილს, ანა მარგველაშვილს უკავშირდება. სხვადასხვა მედიაში რამდენჯერმე დაიწერა რომ სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე მინდია გოგოჭურმა, ანა მარგველაშვილის გამო თავისი მეგობარი, ვინმე ბაჩო სირაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრა ოფიციალურადაც დადასტურდა. აღიძრა საქმე, თუმცა, როგორც წინა შემთხვევებში, მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძე ამჯერადაც ხელშეუხებელი აღმოჩნდა. ის არათუ პასუხისგებაში არ მისცეს, არც კი დაკითხეს.
გოგოჭურის თემა რამდენიმე კვირის წინაც აქტუალური გახდა. მან პრეს-კლუბში პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა რომ უდანაშაულოა. ხოლო პრესკონფერენციაზე, მის გვერდით მჯომი, ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძის მამა, ვინმე ზაზა აგლაძე ტარყაშვილის ოჯახს ღიად დაემუქრა.
როგორც ჩანს, მარგველაშვილის მფარველობით გულმოცემული კრიმინალები მზად არიან სხვა დანაშაულობებიც ჩაიდინონ - პრეზიდენტის მხრიდან, დანაშაულის „გაპრავება“ ხომ გარანტირებული აქვთ.
მორიგი სკანდალის შესახებ, ჩვენთვის ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ჩიჩუას ძმა, საკმაოდ მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული მიხელ ჩიჩუა პრეზიდენტ მარგველაშვილის მფარველობით ციხიდან გათავისუფლდა. ერთი ვერსიით ის მარგველაშვილმა შეიწყალა. მეორე ვერსიით კი, მას, პრეზიდენტის მეცადინეობით, ვადაზე ბევრად ადრე დაატოვებინეს ციხე.
ცხადია, ჩვენ ამ ინფორმაციის ოფიციალურად გადამოწმება ვცადეთ. თავდაპირველად დავუკავშირდით შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ელისაშვილს.
მან გვითხრა რომ შეწყალებულ პირთა სია კონფიდენციალურია. იგივე გაგვიმეორეს შეწყალების კომისიის წევრებმა, ლია მუხაშავრიამ და ზვიად კორძაძემაც.
რაც შეეხება შეწყალების კომისიის კიდევ ერთ წევრს, დავით ჯანდიერს, მან გვითხრა რომ პრეზიდენტმა ბევრი ადამიანი შეიწყალა და ზუსტად არ ახსოვს იყო თუ არა, შეწყალებულთა შორის მიხეილ დავითის ძე ჩიჩუა.
„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შს სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს. გვაინტერესებდა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მუხლით იყო დაკავებული და გასამართლებული პრეზიდენტის მეგობარი ქალის ძმა და როდის გათავისუფლდა ის ციხე-კოლონიიდან.
შს და სასჯელაღსრულების სამინისტროებიდან მივიღეთ სტანდარტული პასუხი რომ ამ უწყებებს არ აქვთ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვების უფლება. დაახლოებით იგივე გვიპასუხეს პროკურატურაშიც.  
„პრესა.ჯი“ რამდენჯერმე შეეხმიანა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს, თიკო მჟავანაძეს. უნდა ითქვას რომ ის საკმაოდ არაკომპეტენტური აღმოჩნდა.
მჟავანაძე არაერთხელ,  სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა თავი აერიდებინა მარტივ კითხვას - „იმის გამო რომ საქმე ეხება პრეზიდენტის ოჯახს, გვაინტერესებს იყო თუ არა, დაკავებული და გასამართლებული მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მიჩუა და თუ იყო, როდის დატოვა მან ციხე“?
ქალბატონი მჟავანაძე ხან „ძალიან დაკავებული“ იყო, ხან „არ სცალოდა“, ხანაც „გადარბენებზე“ ბრძანდებოდა. ბოლოს, რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა,  ერთი ფრაზის სათქმელად მოიცალა.  მან განგვიცხადა რომ ამ თემაზე პრეზიდენტის კონსულტანტს მედიის საკითხებში, შალვა რამიშვილს დავკავშირებოდით. „ის გიპასუხებთ თქვენს კითხვაზე“, - გვითხრა მან.
ვიდრე ჩვენსა და რამიშვილს შორის შემდგარი საუბრის ჩანაწერს შემოგთავაზებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება. როგორც ჩანს, პრეზიდენტ მარგველაშვის ნამეტანი იზიდავს ყოფილი პატიმრები.
გახსოვთ ალბათ, რამიშვილი, რომელიც სხვისი ხათრით არჩეულ პრეზიდენტს მუდამ თან დასდევს, თანხის გამოძალვისთვისაა გასამართლებული. ის დეპუტატ კობა ბექაურს სძალავდა ფულს. ამ ფაქტის შესახებ ვიდეო-კადრებიც არსებობს.
„პრესა.ჯი“: ბატონო შალვა, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ ჩიჩუა რა მუხლით იყო გასამართლებული და როდის დატოვა მან საპყრობილე?
შალვა რამიშვილი: მე მგონი თქვენ არასწორ მისამართზე დარეკეთ. მე ამ კომენტარს ვერ მოგცემთ...
- სად შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია, პრეზიდემტის ოჯახზეა საუბარი...
- გენაცვალე, ხომ იწერ ამ კომენტარს, ჩემი კომენტარია შემდეგი: მე მგონი თქვენ არასწორ მისამართზე დარეკეთ...
- აღნიშნული ინფორმაციის მოძიებისას პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, თიკო მჟავანაძემ თქვენთან გადმოგვამისამართა...
- თქვენ ხომ უნდა დაწეროთ ჩემი კომენტარი? დაწერეთ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასე გიპასუხათ: თქვენ არასწორ მისამართზე დარეკეთ.
- შალვა, თქვენი ვალდებულებაა გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია, პრეზიდენტის ოჯახზეა საუბარი...
- თქვენ ახლა რანაირადაც არ უნდა დამისვათ შეკითხვა, მიიღებთ შემდეგ პასუხს, რომ თქვენ დარეკეთ არასწორად.
-  მაშინ ის მისამართი მითხარით, სადაც გაგვცემენ ამ ინფორმაციაზე პასუხს...
- თქვენ თავად უნდა განსაზღვროთ სად უნდა დარეკოთ .
- რისი გეშინიათ შალვა, რატომ მალავთ ამ ინფორმაციას?
- თქვენ ცდებით უკვე... „რისი გეშინიათ“ უკვე სცდება გარკვეულ კოლეგიალობას...
- რა ინფორმაციას ვმალავთ ბატონო? მე გიპასუხეთ რომ ეს არასწორი მისამართია“.
როგორც დარწმუნდით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი და პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, თიკო მჟავანაძე ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ საკმაოდ უწყინარ კითხვას, მაკა ჩიჩუას ძმის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასეთი პოზიცია კი, კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს იმის თაობაზე რომ საქართველოს პრეზიდენტი, თავის უფლებამოსილებას პირადი, ოჯახური ინტერესებისათვის და კრიმინალთა ლობირებისათვის იყენებს.
P.S: ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემის გამოძიებას. ინფორმაცია, რომელიც მაკა ჩიჩუას ძმის, მისი ოჯახისა და მარგველაშვილის პირადი ინტერესების თაობაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს, საკმაოდ სკანდალურია.
თუმცა, არ გვსურს მისი გადაუმოწმებლად გამოქვეყნება. თემებზე უკვე მუშაობენ ჯგუფები. ინფორმაციის მოძიება-გადამოწმებას აგრძელებენ არასამთავრობოებიც და ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი, მკითხველის დახმარებაც.
ამიტომ, გთხოვთ, თუ გაქვთ მედიისთვის საინტერესო ინფორმაცია მარგველაშვილის მეგობარი ქალბატონის, მაკა ჩიჩუას ძმისა და მისი სიძის საქმიანობის შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@presa.ge ან დაწეროთ აქ, კომენტარის სახით. წყაროს კონფიდენციალურობა სრულად გარანტირებულია.
რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას. კატეგორიულად ვაცხადებთ რომ თუ ჩვენი კომპანიის რომელიმე თანამშრომელს, სტატიის ავტორს, ამ თემების გამოძიებაში ჩართული ჯგუფების წევრებსა და კომპანიის რომელიმე წარმომადგენელს რამე დაემართება, განხორციელდება მასზე რაიმე სახის ზეწოლა, მუქარა, ძალადობა, პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება საქართველოს პრეზიდენტს,  გიორგი მარგველაშვილსა და მის ოჯახს._წერს presa.ge. 

No comments: