add by be news

ფოთის მაჟორიტარის „ქველმოქმედებები“ ამომრჩევლის მოსასყიდად

არ შეიძლება ბიზნესი დისტანცირებული იყოს იმ პროცესებიდან, რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, გასულ წელს, ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდ „ფაზისის“ პრეზენტაციაზე, რომლის გაცხადებული მიზანი ბიზნესისგან თანხების მოზიდვა და ქალაქში გარკვეული სახის სამუშაოების შესრულებაა. 


ფაქტი #1 - ეკა ბესელიას „ქველმოქმედებებს“ კეზერაშვილის კომპანია აფინანსებს. „ჩვენ უფასო ინგლისურის და კომპიუტერის სასწავლო პროექტს ვიწყებთ, ეს არის 1-წლიანი და დაახლოებით 300 ბავშვი გაივლის უფასოდ ამ კურსებს. დონორი არის „პეტროგას ენერჯი გრუპი“, რომელმაც ასევე ჩვენი ინიციატივით, წელს 20 ფოთელი პირველკურსელი დააფინანსა“- ამ სიტყვებით გახსნა ეკა ბესელიამ, გასული წლის 16 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასწავლო ცენტრი ფოთში. კომპანიის წარმომადგენელთან ბესელიამ თანამშრომლობის მემორანდუმი საჯაროდ გააფორმა.Tspress-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „პეტროკას ენერჯი გრუპი“ კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა. როგორც „საერთაშორისო „გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია მითითებული, არჩევნების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა, მათ შორის, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს „ჩენელ ენერჯი“ (ფოთი) (იმართება გიბრალტარის შპს „ჩენელ ენერჯის“ საშუალებით), დავით იაკობაშვილმა შეიძინა. ორგანიზაციის ამავე კვლევის მიხედვით, 2011 წლიდან, იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო.


ფაქტი #2 - ფოთში მეთანოლის ქარხნის აშენების მსურველი, ეკა ბესელიას თხოვნით, სილამაზის კონკურსში მონაწილის სპონსორი ხდება. 
კომპანია „ჩენელ ენერჯი“, კომპანია „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ 32,67%-ის მფლობელია , რომელიც ფოთში, მეთანოლის ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რასაც მოსახლეობა წლებია ეწინააღმდეგება. კომპანიამ, გასულ წელს, მშენებლობის დაწყების ნებართვის თხოვნით, ფოთის მერიასა და მაჟორიტარს ხელახლა მიმართა. მერიამ თანხმობა არ გასცა, ხოლო მიმართვიდან რამდენიმე ხანში, კომპანია „ჩენელ ენერჯი“ იმ სამოდელო სააგენტოს დამფინანსებელი გახდა, რომლის ერთ-ერთი მოდელი ეკა ბესელიას შვილი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მისი დაა.

TSpress-თან საუბრისას, „კატრინის“ დამფუძნებელმა, ეკატერინე მგალობლიშვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ თანხა ეკა ბესელიას შუამდგომლობით კომპანია „ჩენელ ენერჯიმ“ მართლაც ჩაურიცხა, მაგრამ არა ლიზი გუბელაძისთვის, რომელიც ბულგარეთში გამართულ კონკურსში მართლაც მონაწილეობდა და გამარჯვებულიც გახდა, არამედ სოციალურად დაუცველი სხვა მონაწილისთვის. მგალობლიშვილი ამბობს, რომ დაფინანსების თხოვნით, მან ფოთის მერს და მაჟორიტარს ერთდროულად მიმართა, თუმცა დახმარება მხოლოდ მაჟორიტარისგან მიიღო. 

No comments: