შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 80–იან წლებში ყაჩაღური დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზატორი და წევრი იყო და ყაჩაღობისთვის საერთაშორისო ძებნაშიც იმყოფებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ და დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირხცხალავამ პრესკონფერენცია გამართეს.
მათი ინფორმაციით, 1979 წლის 5 სექტემბერს, ღამის 01:02 საათზე ყაზბეგის რაიონის სოფელ ხურთისში ნიკოლოზ მიხეილის ძე ქემაშვილისა და თამარ ნიკოლოზის ასული ჩქარეული – ქემაშვილის ოჯახს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. თავდამსხმელებმა 80 წელს მიღწეული მოხუცი ცოლ–ქმარი ჯერ დააბეს, შემდეგ კი განსაკუთრებული სისასტიკით, დანისა და ელექტროსადენების გამოყენებით აწამეს და 77000 მანეთის 3%–იანი ობლიგაცია, 17 000 მანეთი და 2000 მანეთის ღირებულების ოქროულობი გაიტაცეს.
„ბოროტმოქმედებმა მოხუცი ცოლ–ქმარი დაბმულ მდგომარეობაში დატოვეს და დამატებითი საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილ და დაკავებულ იქნა გოგი ჩოჩიშვილი, სოსო დოლიძე, გიორგი ხარაძე, დავით ჩადუნელი, იური ვაზაგაშვილმა კი მიმალვა მოახერხა. გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილ იქნა შემდეგი: გახლდათ რა რეციდივი და არ იყო პირველი შემთხვევა, დანაშაულებრივმა ჯგუფმა გადაწყვიტა ყაჩაური თავდასხმის განხორციელება. ე.წ საქმის მიმცემი აღმოჩნდა ჩოჩიშვილი, რომელმაც თანამზრახველებს ინფორმაცია მიაწოდა თანასოფლელ მარტოხელა მოხუც ცოლ–ქმარზე. ვინაიდან დოლიძის კუთვნილი „ჟიგულის“ მარკის ა/მანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი, გადაწყვიტეს, დანაშაულის ჩასადენად წასულიყო ჯგუფის 4 წევრი, კერძოდ, ჩოჩიშვილი, დოლიძე, ჩადუნელი და ვაზაგაშვილი. ჩოჩიშვილმა თანამზრახველებს აჩვენა ქემაშვილების საცხოვრებელი სახლი, ა/მანქანა დატოვეს სოფლის განაპირას, დაზარალებულების საცხოვრებელი სახლის ეზოში დარჩა დოლიძე, ხოლო ვაზაგაშვილი 2 თანამზრახველთან ერთად შეიარაღებულები შეიჭრნენ ქემაშვილების ბინაში. ვაზაგაშვილმა და ჯგუფის წევრებმა, მიუხედავად თხოვნა–მუდარისა, განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს მოხუცები და გაიტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ძვირფასეულობა, ხოლო კვალის არევის მიზნით არა თბილისის, არამედ ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) მიმართულებით გაემართნენ, ხოლო საქართველოში დაბრუნდნენ სტავროპოლის ოლქისა და ქ. სოჭის გავლით. ბოროტმოქმედებმა ნაყაჩაღარი თანხიდან 10 000 მანეთი თბილისში დარჩენილ ხარაძეს გადასცეს, ხოლო დანარჩენი თვითონ გაინაწილეს. გამოძიების პროცესში დოლიძემ, ჩოჩიშვილმა და ხარაძემ დანაშაული აღიარეს და დაწვრილებითი ჩვენებებით ამხილეს ვაზაგაშვილი. დაზარალებულთა მიერ ამოცნობილი იქნენ: დოლიძე, ჩოჩიშვილი და ვაზაგაშვილი. მილიციის მიერ გაჩხრეკილი იქნა დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა წევრის საცხოვრებელი სახლი. 1981 წლის 28 მაისს ყაზბეგის რაიონულმა სასამართლომ ჩოჩიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, დოლიძეს – 8 წლით, ჩადუნელს – 10 წლით, ხარაძეს – 4 წლით, მათვე მიესაჯათ ქონების კონფისკაცია და დაეკისრათ დაზარალებულებისათვის 96 000 მანეთის გადახდა. მიმალვაში მყოფი იურა ვაზაგაშვილის მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებაში, მასზე გამოცხადდა საკავშირო ძებნა და საქმე წარმოებით შეჩერდა დამნაშავე იურა ვაზაგაშვილის დაკავებამდე. 1981 წლის 23 ივნისს უმაღლესმა საასამართლომ, მტკიცედ დადასტურებულად სცნო რა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს განაჩენი, არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობები სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და ყველა ბოროტმოქმედს განუსაზღვრა სასჯელის იგივე ზომა. დანაშაულის ჩადენიდან თითქმის 2 წლის შემდგომ, 1981 წლის ივლისისათვის ყაჩაღობისთვის ძებნილი იურა ვაზაგაშვილი იმყოფებოდა მიმალვაში რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. შექმნილ ვითარებაში მან ქვეყანაში დაბრუნება როგორ შეძლო, ჩვენთვის გაურკვეველია, თუმცა იმ პერიოდში თანხის საშუალებით ნასამართლევობის „გასუფთავება“ ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი და არ გამოვრიცხავ, რომ მან ეს საშუალება გამოიყენა“,– განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
No comments:
Post a Comment