სამარცხვინოა,
როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს
სჭირდება კონსულტაციები ქვეყნის შიგნით
და გარეთ
იმის გადასაწყვეტად, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს,
- ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "სპექტრში" განაცხადა.
მისი თქმით, არავის გადასაწყვეტი არ არის, მით უმეტეს ქვეყნის გარეთ, ვის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტი. "ჩვენ ქვეყანა ვართ თუ კოლონია გავხდით, ვერ გავიგე! თუ შტატი ვართ ან გუბერნია რომელიმე სახელმწიფოსი, მაშინ გაგვაგებინონ!", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
ამასთან, ნინო ბურჯანაძეს ძნელად წარმოუდგენია მოქმედ ხელისუფლებაში იყოს ისეთი პირი, რომელიც "პუტინს დაელაპარაკება ისე, როგორც საჭიროა".
"სამარცხვინო იყო ნუკრი ქანთარიას განცხადება, რომ საქართველოს პირველი პირი ოღონდ ჩავიდეს და თუ გინდა ყავაზე ან მუსიკაზე ელაპარაკოს. არა მუსიკაზე, არამედ საქმეზე უნდა ელაპარაკოს! მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, რომ ხელისუფლებაში ვინმემ შეძლოს პუტინთან ლაპარაკი ისე, როგორც უნდა ელაპარაკოს..… ყველა წამყვანმა სააგენტომ დაწერა, რომ პუტინი არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში. ყველაზე გავლენიან ადამიანს რომ ელაპარაკო, იმასთან მაინც უნდა გქონდეს ნალაპარაკევი, ვინც გავლენით მეათე ადგილზეა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, როდესაც თავად საუბრობდა რუსეთთან დიალოგის შესახებ, მას სამშობლოს მოღალატედ აცხადებდნენ, ახლა კი "პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ლამის ხელჩართული ბრძოლა გამართონ - არა მე უნდა წავიდე პუტინთან შესახვედრად, არა მეო".
"ადამიანები სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ, როდესაც ვამბობდი, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. ბატონი ბიძინაც პრეტენზიას მიყენებდა იმაზე, რომ ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ლაპარაკობსო. ახლა, მისი გუნდის ორმა პირველმა პირმა, მთლად კარგად ვერ გავიგე რომელია პირველი და რომელი მეორე, ლამის ხელჩართული ბრძოლა გამართონ - არა მე უნდა წავიდე შესახვედრად, არა მეო", - განაცხადა ბურჯანაძემ
No comments:
Post a Comment