"ქართული ოცნების" დაპირებამ 100 ახალი საწარმოს გახსნის შესახებ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცის გამოიწვია და ნაწილმა ის ცრუ დაპირებად, ნაწილმა და რეალობად მიიჩნია.
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში შემდეგი ტიპის განცხადებები გაჩნდა: "იძებნება "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული 100 ქარხანა“. პასუხის მიღებას 100 ახალი საწარმოს შესახებ მედიის წარმომადგენელები ყოფილი პრემიერისგან, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "მოქალაქის" პრეზენტაციაზე შეეცადნენ.
,,თქვენ არ გაგიგიათ სწორად ჩემი დაპირებები და შემდეგ მიყენებთ პრეტენზიებს, რომ დაპირებები არ შევასრულე. 100 საწარმო კი არ უნდა გახსნილიყო, მინიმუმ, 100 ახალი საწარმო უნდა შექმნილიყო. ერთ წელიწადში მოხდა 100 საწარმოზე მეტის გახსნა. თქვენ თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადარეკოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და თქვენ ნახავთ, რომ გაცილებით მეტი საწარმო დაფინანსდა, ვიდრე 100,“ - განმარტა ივანიშვილმა.
აღნიშული საკითხით "კომერსანტი" კიდევ ერთხელ დაინტერესდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 11 თებერვლის მდგომარეობის მიხედვით, სულ შეღავათაინი აგროკრედიტების ფარგლებში 405 საწარმოა დაფიანანსებული, თუმცა მათ შორის ახალი საწარმოთა რაოდენობა 63-ია.
კერძოდ, 1ი კომპონენტის ფარგლებში 2,685 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება. მე-2 კომპონენტში 5,685 ბენეფიციარზე 111,873,523 ლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში 405 ბენეფიციარზე სულ გაიცა 47,370,783 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. ბოლო მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი სესხი მესაქონლეობაზე, მეღვინეობაზე, პროდუქციის შესანახ საწყობებზე, რძის გადამუშავებაზე, თხილის გადამუშავებაზე,მარცვლეულის საშრობზე გაიცა.
,,მე-5 კომპონენტის ფარგლებში 43 ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოზე გაიცა 49,085,350 ლარის კრედიტი, ხოლო მე-6 კომპონენტის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა ორმა მანდარინის შემსყიდველმა საწარმომ, ჯამში 450,000 ლარის მოცულობით,“ - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ახალ პროექტს, სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს”, სამინისტროში განმარტავენ, რომ ბენეფიციართა რეგისტრაცია და განაცხადების წარმოდგენა ყოველდღიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის სულ 100-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია დარეგისტრირებული.
დაფინანსებული პროექტის მთლიანი მოცულობა 200 000 - 1 000 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრა. ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 % - ს უნდა შეადგენდეს, ხოლო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა - 40 % –ს, დანარჩენ 50%-ს ბენეფიციარი საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებს.
ცნობისთვის: „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ მიზნად დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას, ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაციას ისახავს. თითეული საწარმო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
No comments:
Post a Comment