add by be news

თბილისში მყოფმა რუსმა ექსპერტებმა საქართველოში ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის განთავსების იდეა წამოწიეს



საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსმა ექსპერტებმა, ქართველ  კოლეგებთან შეხვედრისას საქართველოში ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის განთავსების იდეა წამოწიეს.

„10 რუსი ექსპერტი იყო ჩამოსული და ერთ–ერთმა ეს თემა წამოწია – „ძმები ვართ და ამ იდეის განხორციელება კარგი იქნებაო“,  მაგრამ ჩვენ თემის იგნორირება მოვახდინეთ.
რუსული მხარისგან ამ იდეის „შემოგდება“ თითქმის ყველა შეხვედრაზე ხდება და იმედი მაქვს,  რომ იგი საქართველოში დადებით გამოხმაურებას არასოდეს ჰპოვებს“,– აცხადებს წყარო.

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის ინფორმაციით, ცენტრისთვის  უკვე „მონიშნულია“ ტერიტორიებიც: პანკისის ხეობა და ბათუმი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოფიციალურ დონეზე ქართული მხარისათვის შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა რუსეთში ეს ინიციატივა აქტიურად განიხილება და ეს საკითხი შესაძლოა, რუსულ–ქართული ურთიერთობების დალაგების ერთ–ერთ წინაპირობად დაისვას.  

„რუსულ–ქართულ ერთობლივ ანტიტრორისტულ ცენტრზე საუბარი ჯერ კიდევ 2005–2006 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ოფიციალურ დონეზე საქართველოდან გაყვანილ იქნა ორი რუსული სამხედრო ბაზა – ბათუმის და ახალქალაქის. ერთ–ერთი წინაპირობა მოლაპარაკებებისა იყოს ის, რომ ამ ბაზების გაყვანის სანაცვლოდ განთავსებულიყო რუსულ–ქართული ერთობლივი ანტოტერორისტული ცენტრი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არსებობდა, რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდა აღიარებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და იმ პერიოდისთვის რუსეთის წინადადება მისაღებად გამოიყურებოდა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების  ანექსია განახორციელა, ბუნებრივია, ამგვარი ანტიტერორისტული ცენტრის განთავსების შესახებ მოლაპარაკებები შეწყდა და თემა დაიხურა. საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კრემლთან დაახლოებული ექსპერტების მეშვეობით გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს თურმე, ჰქონია ვალდებულება, საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს რუსულ–ქართული ანტიტერორისტული ცენტრი. თვითონ პუტინმაც კი ახსენა ერთ–ერთ გამოსვლაში ამ ვალდებულების შესახებ. ბუნებრივია, რუსეთი ყველა ბერკეტის გამოყენებას შეეცდება, რომ მიზანს მიაღწიოს. განიხილება ბათუმისა და პანკისის ხეობის ტერიტორიები. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ოფიციალურ დონეზე ამ წინადადებასთან მიმართებაში თანხმობა არაა და იმედია, არც იქნება. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის საქართველო რუსეთის ფედერაციაში სპეციალური წარმომადგენლით შემოიფარგლება, გარკვეული დათმობები იქნა მიღწეული საქართველოს მხრიდან ცალმხრივად, რუსეთმა კი მხოლოდ ქართული პროდუქცია დაუშვა რუსულ ბაზარზე, თუმცა ჩემთვის უცნობია, რუსეთის ფედერაცია რა წინაპირობებს წამოაყენებს შემდგომ ეტაპებზე. არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ–რუსული ურთიერთობების დალაგების ერთ–ერთ წინაპირობად მათ სწორედ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის განთავსება წამოაყენონ. ჯერ–ჯერობით ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, თუმცა რუსეთის მხრიდან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განიხილება“,– განუცხადა „Frontnews“–სკვახაძემ.

ის საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ–რუსული ანტიტერორისტული ცენტრის განთავსების იდეიდან მომდინარე საფრთხეებზე, აგენტურის მასობრივი ჩანერგვის საშიშროებაზე და მოსალოდნელ პროვოკაციებზე ამახვილებს ყურადღებას.  

„საქართველოში რუსულ–ქართული ანტიტერორისტული ცენტრის განთავსება ნიშნავს საქართველოში დიდი ლოჯისტიკური ბაზის განთავსებას, რომელიც მოიცავს ტერორიზმთან მებრძოლ პირთა მთელს ლოჯისტიკას, „ეფ–ეს–ბე“–ს მოდერნიზებულ  და კარგად გაწვრთნილ დანაყოფებს, სხვადასხვა სპეცსაშუალებებს. ყველაზე საშიში ის არის, რომ თუ კი ეს იქნება ერთობრივი ცენტრი, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ყოველდღიური კონტაქტი ექნებათ ქართველ ძალოვანებთან და ბუნებრივია, იქნება გადაბირების მცდელობებიც. რუსეთის ფედერაცია პერიოდულად ახერხებს ამერიკის შეერთებული შტატების გასაიდუმლოებულ ბაზებზე აგენტურის ჩანერგვას და იგივეს გაკეთება  საქართველოში არ გაუჭირდება, მით უფრო, თუ ყოველდღიური კონტაქტი ექნება ქართველ ძალოვანებთან. ამასთან, რუსეთის მთავარი ინტერესია პანკისის ხეობა. ამ ხეობით აპელირებს იგი და საქართველოს ტერორიზმის წაქეზებაში სდებს ბრალს. თუ კი რუსეთს პანკისის ხეობაში თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცემა, ბუნებრივია, ამას საკუთარი ინტერესებისა და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გამოიყენებს. რუსეთი გამოცდილია პროვოკაციების მოწყობისა და შემდეგ სხვებისთვის გადაბრალების საქმეში. ეს უახლოესმა წარსულმა არაერთხელ გვაჩვენა. გარდა ამისა, რუსეთი შეეცდება, მისი პოზიცია დომინანტი იყოს და ცენტრი საკუთარი ინტერესების თვალსაზრისით გადააწყოს“,– განაცხადა კვახაძემ.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით, „ეს თემა ჯერ ნედლია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ის  რუსეთთან სავაჭროდ გამოიყენოს“.
„საქართველოში რუსულ–ქართული ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის განთავსების თაობაზე ხელშეკრულებას ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი ომამდელ პერიოდში. თუ სწორად მახსოვს, მაშინ საუბარი იყო  ცენტრის აჭარაში და ვაზიანზე განთავსებაზე, თუმცა ამ შეთანხმებამ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა. მაშინ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილი რუსეთის სახის შენარჩუნებას ცდილობდა, თორემ შეთანხმების განხორციელებას არც გეგმავდა, თუმცა დოკუმენტი დოკუმენტად დარჩა. ახლა კი ამ თემის წამოწევას მეც მოვკარი ყური, მაგრამ არ მგონია, რომ პანკისის თემა განიხილონ, რადგან პანკისი ფაქიზი თემაა და ეს დიდი დარტყმა იქნება ჩვენთვის. ამჟამად ისეთი პოლიციკური ვითარებაა, სანაცვლოზე უნდა ვიფიქროთ – ჩვენ რას მივიღებთ და  პასუხი რუსული მხარისგან ჯერ არ მომისმენია. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა სიტუაცია, როდესაც ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში მკვეთრ პოზიციას ვერ აყალიბებს – ითანამშრომლოს, თუ წინააღმდეგ წავიდეს. ვფიქრობ, არ უნდა ავჩქარდეთ, რადგან დრო ამის საშუალებას გვაძლევს. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჩვენთვის მწვავეა, მაგრამ სამწუხაროდ, არა ყოველწუთიერი, აი, მავთულხლართების პრობლემა კი ნამდვილად ყოველწუთიერია და სწორედ ამ და ძალიან ბევრ სხვა საკითხშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს თემა სავაჭროდ, მათ შორის – ცხინვალთან ე.წ. საზღვრის მოხსნისთვის და აფხაზებთან და ოსებთან ბარიერების გარეშე ურთიერთობის საშუალებად. როდესაც მსგავსი საკითხების შემოგდება ესპერტების, ანუ საზოგადოების კომპეტენტური ნაწილისთვის ხდება, მიზანი არის ის, რომ საკითხმა შემდგომში განხილვა და ნიადაგის მომზადება ჰპოვოს, თუმცა ვფიქრობ, რომ თემა ჯერ ნედლია, მაგრამ განხილვა შეიძლება“,– განაცხადა მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში მსგავსი ცენტრის განთავსებამ შექმნას, ექსპერტი აცხადებს, რომ ფორმატი ქართული მხარის გადასაწყვეტია.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, მასთან შეხვედრებზე ქართულ–რუსულ ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც „Frontnews“–ს  აბაშიძემ განუცხადა, „მასთან ამ თემაზე სიტყვაც არ უთქვათ და იმ პირობებში, როდესაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, საქართველოში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის განთავსება ძნელად წარმოსადგენია“.

„ჩემთვის მსგავსი რამ ცნობილი არაა“,– დასძინა აბაშიძემ.


No comments: