add by be news

რატომ უნდა ვჭამოთ ხიზილალა


ხიზილალის (თევზის ქვირითის) თითოეული მარცვალი თევზის ჩანასახისთვის სიცოცხლის წყაროს წარმოადგენს, შესაბამისად, მასში კონცენტრირებულია სასიცოცხლოდ აუცილებელი უამრავი ვიტამინი და სხვა ნივთიერება.
ჩვენ ხიზილალას ერთმანეთისგან ფერით განვასხვავებთ, სპეციალისტები კი - ევზის სახეობის მიხედვით. ამის კვალობაზე, გამოყოფენ ზუთხისებრთა (იგივე თართისებრთა) და ორაგულისებრთა ხიზილალას. ყველაზე ღირებულია ზუთხისებრთა ოჯახის ხიზილალა.

წითელი ხიზილალის წარმოება პირველად იაპონელებმა დაიწყეს XX საუკუნეში, მოგვიანებით კი რუსებმაც საკუთარი მეთოდით. წითელი ხიზილალის სასარგებლო თვისებებს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ხალხური მედიცინა მას რეკომენდაციას უწევს სისხლნაკლებობის, ჭარბი წონისა და წონის დეფიციტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ხიზილალას ოფიციალური მედიცინაც უძვირფასეს, მეტად ღირებულ და მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად აღიარებს. წითელი ხიზილალა შეიცავს 32%-მდე ადვილად ასათვისებელ ცილას, რომელიც ბავშვის მოზარდი ორგანიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აგრეთვე მათთვისაც, ვინც კუნთოვანი მასის გაზრდას ან ჯანმრთელობის აღდგენას ცდილობს. საქმე ის არის, რომ წითელი ხიზილალის ცილას ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და ადვილად ითვისებს, ვიდრე ხორცსა და რძის პროდუქტებში შემავალ ცილებს. საყურადღებოა ისიც, რომ ხიზილალა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყაროა, იმ მჟავებისა, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ასინთეზებს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ვიტამინი F) შეუცვლელია სისხლძარღვებისთვის და, ზოგადად, უჯრედულ დონეზე მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის. ეს მჟავები ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს. ხიზილალა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, A, D, E ვიტამინებს. A ვიტამინი აუცილებელია მხედველობისათვის, აქტიური ზრდისა და ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ის აუცილებელია ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის, განსაკუთრებით - კანისა და ლორწოვანი გარსებისათვის. E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის. მისი მეორე სახელწოდებაა ტოკოფეროლი, რაც "შთამომავლობის მატარებელს" ნიშნავს. ეს ვიტამინი ხელს უწყობს სიცოცხლისთვის საჭირო პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას. D ვიტამინი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მის გარეშე ორგანიზმში მოხვედრილი კალციუმის ათვისება ვერ მოხერხდება. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმის მრავალ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ის მეტად ღირებული ვიტამინია ბავშვებისთვის. წითელი ხიზილალის კიდევ ერთი ძვირფასი თვისება მისი მაღალი კალორიულობაა: 100 გრამი 200-250 კალორიას შეიცავს, მაშინ როცა იმავე რაოდენობის ხორცსა და რძეში შესაბამისად 120 და 70 კალორიაა. ეს პროდუქტი მდიდარია იოდით (მისი ასევე ადვილად ასათვისებელი ფორმით), ფოსფორით, რკინით, კალიუმით. ხიზილალაში შემავალი ყველა ვიტამინი, მიკრო თუ მაკროელემენტი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებისთვის, ძვლების გასამაგრებლად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, მხედველობის გასაუმჯობესებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და ორგანიზმის მოსაძლიერებლად. წითელ ხიზილალას ორგანიზმი ისე ადვილად და სწრაფად ითვისებს (მისი უნიკალური შემადგენლობისა და კომპონენტთა კომბინაციების წყალობით), რომ ამ პროდუქტს უნიშნავენ მძიმედ ავადმყოფ, დასუსტებულ პაციენტებს. ხალხური მედიცინა ამ პროდუქტს დავრდომილთა და დაუძლურებულთა გამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევდა. ეს დღეს გასაგებია - წინათ ხომ არ არსებობდა მედიკამენტები, იმუნომასტიმულირებელი საშუალებები და ვიტამინების კომპლექსები. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ხიზილალის ნაკლი მასში ქოლესტეროლის არსებობაა, ზოგიერთის აზრით კი ეს არ არის მართებული, რადგან ქოლესტეროლის მხოლოდ სიჭარბეა მავნებელი; ზომიერი ოდენობით ის აუცილებელიც კია, ვინაიდან უჯრედული მემბრანებისა და ნერვული ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ისიც საყურადღებოა, რომ ხიზილალაში შემავალ ქოლესტეროლს ამავე პროდუქტში უხვად წარმოდგენილი ლეციტინი აუვნებლებს. დღეს ხიზილალა საკმაოდ ძვირია, ასე რომ, რჩევამ "აუცილებლად მიირთვით ხიზილალა" ბევრი იქნებ კიდეც გააღიზიანოს. ერთი რამ კი უთუოდ უნდა ითქვას: ხიზილალა აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ბავშვების რაციონში!

                                                                

No comments: