წყალმცენარის Undaria pinnatifida-ს პიგმენტი ფუკოქსანტინი შესაძლოა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტის დასამზადებლად გამოიყენონ. იაპონელი მეცნიერების მონაცემებით, საკვებში ფუკოქსანტინის დამატებამ ლაბორატორიული ვირთხების წონის 5-10%-ით დაქვეითება გამოიწვია.
ცხოველების მიერ დაკარგული წონის უმეტესი ნაწილი მოდიოდა ვისცერულ - შინაგანი ორგანოების გარშემო დაგროვილ - ცხიმზე.
ცხიმის დაგროვების ეს ფორმა ცუდად ექვემდებარება დიეტასა და ფიზიკურ ვარჯიშს. მეცნიერები 200-ზე მეტ ცხოველს აკვირდებოდნენ. მათ დაადგინეს, რომ პიგმენტი ფუროქსანტინი ცხიმგროვებს ორი მეთოდით ებრძვის: ჯერ ერთი, ააქტიურებს ცხიმის დამშლელ პროტეინს UCP1-ს. ეს პროტეინი დიდი ოდენობით შედის იმ ცხიმოვანი ქსოვილის შემადგენლობაში, რომელიც მუცლის ღრუში გროვდება. დადგენილია, რომ ცხიმის დაგროვების ეს ტიპი განსაკუთრებით საშიშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ფუროქსანტინი ღვიძლში ასტიმულირებს ისეთი ნივთიერების გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლში არსებული მავნე ქოლესტერინის დაქვეითებას. ამასთანავე, კონცენტრირებული ფუროქსანტინის გამოყენებისას საცდელ ცხოველებში გვერდით მოვლენებს თავი არ უჩენია.
Undaria pinnatifida იაპონური სამზარეულოს ცნობილი ინგრედიენტია, მაგრამ იაპონურ რესტორნებში სიარული ჭარბი ცხიმისგან ვერ დაგიცავთ, ვინაიდან წყალმცენარეებში ბუნებრივი სახით შემავალი ფუროქსანტინი მჭიდროდ არის დაკავშირებული მცენარეულ ცილებთან და ამიტომ ორგანიზმს მისი ათვისება უჭირს. სამკურნალოდ ვარგისია მხოლოდ გაწმენდილი ფუროქსანტინი. მეცნიერები გვპირდებიან, რომ მისი პრეპარატები 3-5 წლის შემდეგ გაიყიდება. ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ექსპერიმენტის დროს მიღწეული წონის 5-10%-ით დაქვეითება სავსებით მისაღებია ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში.
No comments:
Post a Comment