add by be news

კრემლის აგენტები საქართველოში: მითი და რეალობა

როდესაც საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ორგანოს, ყოველდღიურ გაზეთ “კომუნისტს" სახელი გადაერქვა და “საქართველოს რესპუბლიკა" ეწოდა, ხოლო ნეკროლოგებში ნაცვლად გარდაცვლილის ჩვეული მახასიათებლისა “სკკპ წევრი ამა და ამ წლიდან", იწერებოდა “ეროვნულ მოძრაობაშია ამა და ამ წლიდან", ამავე გაზეთში გაჩნდა ახალი რუბრიკა - “კრემლის აგენტები საქართველოში."

როდესაც საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ორგანოს, ყოველდღიურ გაზეთ “კომუნისტს" სახელი გადაერქვა და “საქართველოს რესპუბლიკა" ეწოდა, ხოლო ნეკროლოგებში ნაცვლად გარდაცვლილის ჩვეული მახასიათებლისა “სკკპ წევრი ამა და ამ წლიდან", იწერებოდა “ეროვნულ მოძრაობაშია ამა და ამ წლიდან", ამავე გაზეთში გაჩნდა ახალი რუბრიკა - “კრემლის აგენტები საქართველოში."
ამ რუბრიკის ქვეშ ქვეყნდებოდა სტატიები, სადაც მთელი ოპოზიცია წარმოდგენილი იყო კრემლის შეგნებულ და უნებლიე აგენტურად. სხვა ვარიანტი არ განიხილებოდა და ხელისუფლება თუ არ მოგწონდა, გინდა თუ არა, კრემლის, სუკის ან გრუს ინტერესების გამტარებელი გამოდიოდი.
ასეთი რადიკალიზმი განსხვავებულ აზრთან მიმართებაში პოსტსაბჭოური ეპოქის გარიჟრაჟზე კიდევ გასაგები იყო იმ საზოგადოებაში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ, “გაზეთში გაწერეს" და “ტელევიზორში თქვეს" განაჩენივით ჟღერდა, ხოლო კაგებეს ყოვლისშემძლეობაზე ლეგენდები დადიოდა, თუმცა, რა არ მეგონა მაშინ და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ლამის მეოთხედი საუკუნის შემდეგ რუსეთის აგენტების თემა თუ კიდევ აქტუალური იქნებოდა.
ბოლო-ბოლო რას ნიშნავს კრემლის აგენტი? თითქოსდა გასაგებია რომ აგენტი, ეს არის შეგნებულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში მომუშავე პირი, რომელიც ბუნებრივია თავისი დამქირავებლის დავალებებს ასრულებს. ასევე გავლენის აგენტს ეძახიან ხოლმე მათ, ვინც პირდაპირ დაქირავებული არ არის, მაგრამ თავისი მენტალობითა და შეხედულებებით პრაქტიკულად იგივე ინტერესებს ემსახურება. აქედან გამომდინარე ტერმინი კრემლის აგენტი მოიცავდა (და გარკვეულწილად ახლაც მოიცავს) როგორც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს, ისე ე.წ. რუსეთუმეებსა და პრორუსებს.
და ვინ არიან ეს ხალხი? ოთხმოცდაათიანების დასაწყისში რუსეთუმე-კრემლის-სუკის აგენტებად მოიაზრებოდა პარტიულ-კომკავშირული ნომენკლატურა, წარმოების ხელმძღვანელი პირები, ანუ ე. წ. “წითელი დირექტორატი", პრივილეგირებული შემოქმედებითი ინტელიგენცია და კრიმინალური ავტორიტეტები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ხალხი მართლაც გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ ლოიალობით - სწორედ იმ პერიოდში იშვა ე. წ. ორი რუსეთის (კეთილის და ბოროტის) თეორია და ჯერ კიდევ საკმაო გავლენით სარგებლობდა მოსაზრება, რომ რუსეთთან დაყვავება-მოფერება-ღრიჭინით შეიძლებოდა ქვეყნისთვის სერიოზული სარგებლის მოტანა.
მაგრამ ეს იყო ოცი წლის წინათ. დღეს ორი რუსეთის შესახებ სერიოზულად არც არავინ მსჯელობს. ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის პერსონები კი დღეს ძირითადად პოლიტიკური პენსიონერები არიან, ერთის მხრივ ასაკის გამო და მეორეს მხრვ იმიტომაც, რომ მათი შეხედულებები თანამედროვე რეალობაში ნამდვილი ანაქრონიზმია. ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ ყველაზე ეფექტიან პროპაგანდაზე უკეთ დაგვარწმუნა, რომ საბჭოთა ცეხავიკური ურთიერთობები, როცა კონიაკების ჩატანით საქმეები იჩარხებოდა, აღარ მუშაობს. ამასობაში კი საქართველოში გაიზარდნენ თაობები, რომელთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო ინტეგრაციის ხარისხი რუსეთთან ბევრად ნაკლები იყო, ან საერთოდ არ არსებობდა. შეიძლება თქვას, რომ ასეთია არა მხოლოდ მთელი დღევანდელი ახალგაზრდობა, არამედ, იმ თაობის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელიც 35-40 წლისაა, ანუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე შრომისუნარიანი სეგმენტი.
უფრო მეტიც, ისევ ის ოთხმოცდაათიანი წლები რომ გავიხსენოთ, სწორედ მაშინ, აფხაზეთის ომში დამარცხებულ, სამოქალაქო დაპირისპირებით გახლეჩილ და ესენგეში შეთრეულ საქართველოში, რომლის პრეზიდენტიც გახლდათ ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანის მხედრიონიც ჯერ კიდევ მძლავრობდა, ხოლო თავდაცვის, უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრები პირდაპირ რუსეთიდან იყვნენ დანიშნულები (და 1994 წლისათვის ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო), მოხდა ისე, რომ ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყო რუსეთის გავლენის სფეროდან გამიჯვნა და დასავლეთისკენ სვლა.
თავად განსაჯეთ:  აღწერილი სიტუაციიდან სულ რაღაც ხუთ წელიწადში ქვეყანაში შემოღებულ იქნა ეროვნული ვალუტა, საქართველო გახდა ევროსაბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, დაიწყო სტრატეგიული მნიშვნელობის ტრანსკავკასიური ნავთობსადენების - ბაქო-სუფსა და ბაქო-ჯეიჰანი მშენებლობა, საქართველო ჩაერთო ნატოს პროგრამაში პარტნიორობა მშვიდობისათვის, ამერიკელებმა დაიწყეს ქართული არმიის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით მომზადება, ხოლო 1999 წელს, სტამბოლის სამიტზე ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ...
მაგრამ დაიცათ, ეს რა გამოდის? რას მიკეთებდა ამ დროს რუსეთის აგენტურა? რანაირად გაუშვეს ხელიდან სადავეები?
ასეთ კითხვებზე, თუ ცოტას დავფიქრდებით და “შევარდნაძე-რუსეთუმე" და “შევარდნაძე-სატანა" კლიშეებს უკრიტიკოდ არ მივიღებთ, მხოლოდ ერთადერთი პასუხია - არანაირი რუსეთის აგენტურა საქართველოში იმ დროს არ მოქმედებდა, ან თუ მოქმედებდა, რას აკეთებდა, თვითონაც არ იცოდა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია აიხსნას რუსული სახელმწიფო ინტერესების ასეთი იგნორირება, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ რუსეთის სახელმწიფო სრულიად გულგრილად შეხვდა მისი პროტეჟეების, ვარდიკო ნადიბაიძისა და შოთა კვირაიას მოხსნას, იგორ გიორგაძის ტერორისტად გამოცხადებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
სამაგიეროდ, ლაპარაკი კრემლის აგენტებზე მოდერნიზებული ფორმით განახლდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ოპოზიცია კვლავ ცხადდებოდა რუსეთის ინტერესების გამტარებლად, და რაც ყველაზე საინტერესოა, საზოგადოებრივი აზრის დონეზე აპელირება ხდებოდა არათუ ისევ იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ოცი წლის წინათ იგივე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილები, არამედ ფაქტობრივად ისევ იმ პერსონებზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთისგანაც და მეორისგანაც მხოლოდ ლანდი ძველი დიდებისა იყო დარჩენილი.
იყო კონკრეტულ პირთა დემონიზირების მცდელობაც - პირველად იყო ბადრი პატარკაციშვილი, მოგვიანებით კი იგივეს შეეცადნენ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, თუმცა ვერანაირი მტკიცებულებები ერთი თუ მეორე დემონის კრემლის აგენტობისა ვერ იქნა წარმოდგენილი.
შემთხვევით იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ საქართველში რუსეთის აგენტები საერთოდ არ არიანო, შესაძლოა იჭვნეულად იკითხოს ვინმემ. არ ვიცი, იქნებ არიან კიდეც, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო - რომ არსებობდეს სერიოზული აგენტურული ქსელი საქართველოში, რომელსაც მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა ძალუძს (და აბა სხვა რისთვის უნდა იყოს აგენტურა?), ეს პირველ ყოვლისა აისახებოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მასმედიაში, არასამთავრობო სექტორში, ანუ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც დღეს ფაქტობრივად ჰქმნის საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ თუ ამ აზრს გავიზიარებთ და ნახსენებ სეგმენტებს გადავხედავთ, ყველაზე გავლენიანი პრორუსული ძალა გამოვა გაზეთი “ასავალ-დასავალი". დამეთანხმებით, სერიოზული რუსული გავლენებისთვის ეს ძალიან არასერიოზულია. ზოგიერთის აზრით, რუსეთის მთავარი დასაყრდენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა, მაგრამ ეს მოსაზრებაც წმინდა წყლის სპეკულაციაა. ეკლესიას და განსაკუთრებით პატრიარქს საქართველოში დიდი ავტორიტეტი კი აქვს, მაგრამ სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს ჩვენთან ეკლესია არ წარმართავს და ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან სრულიად წარმოუდგენელია გავლენიანი აგენტურა ჰყავდეს სხვა ქვეყნის რელიგიურ ინსტიტუციაში და პრაქტიკულად არ ჰყავდეს მსგავსი გავლენის ჯგუფები ამავე ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში. ასეთი რამ პრინციპულად გამორიცხულია.
ხომ ყველამ ვიცით, რომ ქართველ პოლიტიკოსთა მცდელობები, როგორმე პოლიტიკური და ფინანსური დასაყრდენი ნახონ რუსეთის სახით, მუდმივად მარცხით მთავრდება? დიდი-დიდი, რუსეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველ ბიზნესმენმა დააფინანსოს ხოლმე პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაციები და ისიც საკმაოდ მომჭირნედ. თუკი რუსეთის კავკასიურ ამბიციებს და ფინანსურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ. რომ რუსეთი ქართულ პოლიტიკაში არანაირ ინვესტიციებს არ დებს.
მაშ, რა გამოდის? პრორუსული ძალები საქართველოში არ არიან? როგორ არ არიან, მაგრამ აქ სერიოზული ლაპარაკი რუსეთის აგენტურაზე და ოცი წლით დაბერებულ ქართულ ინტელიგენციაზე, პირადად მე ძალიან არასერიოზულად მეჩვენება. პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოში ყოველთვის ეყრდნობოდა უხეშ ძალას, სამხედრო აგრესიას და არასდროს პოლიტიკური გავლენის ჯგუფების ხელშეწყობას.
მაშ, პრორუსულობა რაღაა და პრორუსები ვინღა არიან? ჩემის აზრით, პრორუსულობა საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბჭოური გაგების პატრიოტიზმის ბიწიერი ეფექტი, იმ პატრიოტიზმისა, რომელიც უფრო სულიერ-მენტალური მდგომარეობაა და რომელიც რუდიმენტივითაა შემორჩენილი ჩვენს ცნობიერებაში.
თუმცა ეს, როგორც იტყვიან, სულ სხვა ოპერიდან არის, რომელიც იმსახურებს ცალკე განხილვას და რომელსაც აუცილებლად მივუძღვნი ცალკე პუბლიკაციას.

No comments: