ნინო ბურჯანაძე და
"დემოკრატიული მოძრაობა" აუდიტის სამსახურის
ხელმძღვანელის ახალ
ინიციატივას ეხმაურება. როგორც
ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს
განუცხადა, აუდიტის სამსახურს
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ
უკანონოდ მინიჭებულ სადამსჯელო
ფუნქციას სამწუხაროდ დღემდე
უნარჩუნებს ხელისუფლება და როგორც აღმოჩნდა, მის ერთადერთ სამიზნეს ახლა უკვე "დემოკრატიული მოძრაობა" წარმოადგენს.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა, სხვა არაფერია, თუ არა თვალათმაქცობა. ბურჯანაძის განმარტებით, არასამთავრობო სექტორს თორდიას ნებართვის გარეშეც აქვს უფლებამოსილებაც და საშუალებაც, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეამოწმოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობა, ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკური ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით და "დემოკრატიული მძოძრაობა" ამას მხოლოდ მიესალმება.
"როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონიერებას და გამჭვირვალობას დააკვირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომისია ძირითადად დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ უმრავლესობასთან გვაქვს ურთიერთობა და ვენდობით მათ. საინტერესოა, რომელი არასამთავრობოები შევლენ აღნიშნულ კომისიაში, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც გაუქმდება ე.წ. "მოგელაძის" უსამართლო კანონი, ხოლო აუდიტის სამსახურის საქმიანობა და ფუნქციები მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
No comments:
Post a Comment