დღეს, კიევში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, უკრაინაში სამი ქართველი ექიმი გაემგზავრება.
შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც „Frontnews”-ს მერიაში განუცხადეს, აღნიშნული ექიმები იმ პროფილის არიან, რომელთა დახმარება დაშავებულებს ყველაზე მეტად სჭირდებათ და რომელთა დეფიციტიც ამ დროისთვის უკრაინაში არის.
ცნობსითვის, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო მზად არის, უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.
მინისტრმა თავის უკრაინელ კოლეგას დახმარება შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს იმ მიმართულებით, სადაც ქვეყანას კრიზისი აქვს.
"მან მადლობა გამოთქვა მხარდაჭერისთვის და შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რაიმე კრიზისული მიმართულება მედიკამენტების ან ადამიანური რესურსების მხრივ არ იკვეთება. მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, მან გამოთქვა იმედი, რომ დღეიდან მოხდება სიტუაციის დეესკალაცია, რადგან უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული ვადამდელ არჩევნებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარულ-სამედიცინო დახმარება იყოს უფრო ორგანიზებული და მათაც გამოკვეთონ კრიზისული წერტილები", - განაცხადა გუშინ სერგეენკომ და დასძინა, რომ „მოადგილესთან ერთად უკვე შეხვდა ექიმთა ჯგუფს და დახმარებისთვის ნებისმიერ მომენტში, როდესაც უკრაინა ამის საჭიროებას გამოთქვამს, ქართული მხარე მზად არის“.
No comments:
Post a Comment