add by be news

ვანო მერაბიშვილი მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრება

26 მაისის საქმეზე ყოფილ შს მინისტრს დღეს ჩვენება უნდა მიეცა, მაგრამ მან მხოლოდ განცხადება გააკეთა, რომლის შემდეგაც სასამართლო დარბაზი დატოვა.

ვანო მერაბიშვილს განცხადებაში 26 მაისის საქმეზე საერთოდ არ უსაუბრია, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომელშიც ყველას თავის როლი აქვს.


“მოსამართლეს აქვს მოსამართლის როლი, პროკურორს - პროკურორის, ადვოკატს - ადვოკატის, მე ბრალდებულის. ერთადერთი ის ადამიანები არ თამაშობენ, რომლებიც დარბაზში სხედან, მედიის წარმომადგენლების გარდა. მათ გარკვეულ ნაწილს ხანდახან უჩნდება გულუბრყვილო განცდა, რომ სასამართლოში რაღაც იქნება, რომ მტკიცებულებების წარდგენა რაღაცას შეცვლის, მე მაქვს საკმაო გამოცდილება, რომ არ ვიყო გულუბრყვილო. მე მხოლოდ იმიტომ დავეთანხმე პროცესებზე სიარულს, რომ ახლობლებთან შეხვედრის საშუალება მქონოდა. მე 2003 წლიდან, როდესაც ბრძოლა დავიწყე ჩამორჩენილ ქართულ ელიტასთან და 9 წლის განმავლობაში საქართველო ნორმალურ ქვეყნად ვაქციეთ, შეგნებული მქონდა ეს ყველაფერი”, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ის ამაყია, რადგან საკუთარი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია.

მისივე თქმით, მან გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ სპექტაკლებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე გამართულ პროცესებს აღარ დაესწრება.

მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადა თავის ადვოკატებს და აღნიშნა, რომ საქართველოში საუკეთესო ადვოკატები ჰყავს.

მერაბიშვილის განცხადებას დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდა.

26 მაისის საქმეზე გამართულ პროცესზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ყოფილმა შს მინისტრმა დარბაზი დატოვა, ასევე მოიქცა დამსწრე საზოგადოებაც.

ამ დროისთვის პროიცესზე ზეპირი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.

No comments: