add by be news

მოძრაობა ,,დაბრუნება“ სოჭის ოლიმპიადაზე სეპარატისტების მიწვევას განცხადებით ეხმაურება

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა სოჭის ოლიმპიადაზე მიწვევის გამო მოძრაობა ,,დაბრუნება“ განცხადებას ავრცელებს.


,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოსურათით საზოგადადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მიწვეულ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირთა შორის სამთავრობო ლოჟაში იმყოფებოდნენ ცხინვალისა და სოხუმის უკანონო მარიონეტული რეჟიმების პირველი პირები.
რუსეთის ასეთი თავხედური დემარში ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფოთა ტერირორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემის მტკიცედ დამკვიდრებულ საერთაშორისო ნორმებს, ასევე ოლიმპიური ქარტიისა და ოლიმპიზმის პრინციპებს. ამასთან, საყოველთაოდ მიღებული დიპლომატიური პროტოკოლიდან და ელემენტარული პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე, ასეთ ადგილას არაოფიციალური პირები, მით უფრო სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ.
დამპყრობლის ეს ქმედება წარმოადგენს კიდევ ერთ სერიოზულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს შეაგუოს მსოფლიო და უპირველეს ყოვლისა საქართველო, როგორც თვითონ ამბობენ, ,,ახალ პოლიტიკურ რეალობას“ ანუ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას და მიაღწიოს აგრესიული ომის შედეგების ლეგიტიმაციას.
საქართველოს ხელისუფლება თავის კაპიტულანტური, მაამებლური და ლაჩრული პოლიტიკური კურსით, რიტორიკის შეცვლითა და აგრესორზე საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის შერბილებით ხელს უწყობს და ახალისებს რუსეთს, ქვეყანას ხელიდან აცლის აგრესორის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან საერთაშორისო სამართლებივ თუ დიპლომატიურ მექანიზმებს, რაც კატასტროფული შედეგებით შეიძლება დამთავრდეს საქართველოს ერთიანობის, მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობისათვის.
ოლიმპიადის ბოიკოტზე უარის თქმა და მასში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის ამ კურსის თვალნათელი დადასტურებაა, ხოლო ამ ფონზე მისი დასავლური რევერანსები მხოლოდ ფასადური განცხადებებია, ქვეყნის ინტერესების საწინაარმდეგო ქმედებების შენიღბვაა და უნდა ვიფიქროთ, რომ კრემლიდანაც ნებადართულია მანამ, სანამ ჩვენს საზოგადოებაში საბოლოოდ ძირს არ მოურყევენ ანტირუსულ და შესაბამისად, დასავლურ განწყობებს, რაც საბედნიეროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია.
საქართველოს მთავრობა დაგვპირდა, რომ თუ სეპარატისტთა ლიდერების მოწვევა დადასტურდა, მიმართავდა ადეკვატურ ზომებს. როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, საზოგადოდ, აგრესორის მიმართ ადეკვატური ზომა იქნებოდა ოლიმპიადის ბოიკოტი, რის შესაძლებლოც სამწუხაროდ, ხელიდან გავუშვით. მაგრამ ამ ვითარებაშიც კი შესაძლებელი იყო რაღაც მოქმედებების წარმოება იმისათვის, რომ მინიმალურად მაინც შენარჩუნებულიყო ქვეყნის პრესტიჟი და ღირსება. ეჭვგარეშეა, რომ ეს ამბავი მთავრობამ იმთავითვე იცოდა. ამისათვის ადგილზე საკმარისზე მეტი წყარო არსებობდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციისა თუ სხვა ოფიციალური და არაოფიციალური პირების სახით და ასეც რომ არ იყოს, ინფორმაციის არქონა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის საკითხია. მაგრამ მას შემდეგ მაინც, როდესაც პრესაში გაჩნდა უტყუარი ცნობები, ხელისუფლებასა და ოლიმპიურ კომიტეტს საჯაროდ უნდა განეცხადებინათ პროტესტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, რუსეთის ხელისუფლებისათვის და გამოეხმოთ საკუთარი დელეგაცია ოლიმპიადიდან. იგივე უნდა გაეკეთებინათ სპორტსმენებსაც. ამის საპირისპიროდ კი, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ურცხვად აცხადებენ, რომ მზად არიან ეახლონ პუტინს და შეასრულონ თავზე ნაცრის წაყრის მორიგი რიტუალი.
საკითხავი არ არის რას იზამდა, მაგალითად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ოლიმპიური დელეგაცია სამთავრობო ლოჟაში მთიანი ყარაბახის წაარმომადგენელი რომ აღმოეჩინათ. მკვეთრად უპასუხებდნენ ამ აღვირახსნილ შეურაცხყოფას, პრეზიდენტი დემონსტაციულად დატოვებდა ლოჯას და სპორტული დელეგაცია-ოლიმპიადას.
პუტინმა კი ეს მოიმოქმედა მხოლოდ იმის გამო, რომ დარწმუნებული იყო - ქართველები ამას არ იზამდნენ, რადგან ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მას სრულად ჰყავს ამოგდებული ქუსლქვეშ. იმავე რწმენით განახორციელებს რუსეთი სხვა მორიგ შემოტევებს, რომლებიც უფრო მასტაბური და ინტენსიური იქნება ოლიმპიადის შემდეგ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლება თავისი არაადეკვატური ქმედებებითა თუ უმოქმედებით ხელს შეუწყობს მას ამაში და აგრესორის მოთხოვნებს იოტიოდენადაც არ გადაუხვევს.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხელსაყრელ გარემოს უქმნის მოსკოვსა და ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს. ეს გახლავთ დასავლური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების დაქსაქსულობა, კარჩაკეტილობა და არაკორდინირებულობა. ზოგიერთი მათგანი კი ჯერ კიდევ იმყოფება რუსი ოლიგარქის ხიბლში. იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ მათი მისწრაფებები ჯერ-ჯერობით მხოლოდ სურვილებად რჩება და საერთო სურათს ვერ ცვლის. ამდენად, ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ოპოზიციაც არის და დასავლური მიმართულების არასამთავრობო სექტორიც. ივანიშვილის რეჟიმის დამყარების დღიდან საჯაროდ მივმართავდით ყველა მათგანს, რომ საჭირო იყო ერთიანი დასავლური ფრონტის შექმნა რუსეთის პირდაპირი მარიონეტების ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მშვიდობიანი ჩამოშორების მიზნით. თუმცა, ეს არ მოხდა და მივიღეთ მეტად სავალალო რეალობა.
ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ რუსული საფრთხე დღევანდელი ხელისუფლებიდან მომდინარეობს. საქართველოს ჰყავს ქვეყნის ინტერსებს ღიად დაპირისპირებული არსობრივად რუსული ხელისუფლება, ახალი ,,შულავერის მთავრობა“. ის ეწევა და გაარძელებს სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას და არ გადაუხვევს ამ კურსიდან. ამდენად, ყველამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასიცოხლოდ აუცილებებლია დასავლური მიმართულების ძალების ყველაზე ფართო ერთიანობა რუსეთის მოსალოდნელ აგრესიულ მოქმედებებთან გასამკლავებლად, რისი უპირველესი პირობაცაა საკუთარი ხელისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა და საბოლოოდ, პოლიტიკურ მოუსავლეთში გასტუმრება“, - ნათქვამია მოძრაობა ,,დაბრუნების“ განცხადებაში.

No comments: