add by be news

ორაგულის სასარგებლო თვისებები





ორაგული ორაგულისებრთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. ამ თევზის სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით. ზურგი მორუხო-მოცისფრო აქვს, გვერდები - ვერცხლისფერი, ზოგჯერ - წვრილი შავი ლაქებით დაწინწკლული. ორაგული საშუალოდ 5-30 კგ- იწონის.

თუმცა გვხვდება 40-45 კგ წონის ინდივიდებიც. ორაგულის სიგრძე საშუალოდ 50-დან 150 სმ-მდეა. ამ თევზს მტკნარი წყლის სახეობებს მიაკუთვნებენ, რადგან პირველი სამი წლის განმავლობაში სწორედ ასეთ წყალში ბინადრობს. ორაგული მიგრაციული თევზია. ჩვენს ბაზარზე ის უმთავრესად კანადიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან შემოაქვთ.


თევზის მოყვარულებისა და, საზოგადოდ, გურმანებისთვის ორაგული გამორჩევით საყვარელი თევზია. ის განსაკუთრებით პოპულარული იყო შუა საუკუნეებში. მისგან მრავალფეროვან  კერძებს ამზადებდნენ, ზამთრისთვის კი ახმობდნენ და ბოლავდნენ. გურმანებმა კარგად იციან, რომფერმერულორაგულს ველური სჯობია, რადგანაც მას საუცხოო, ნაზი გემო აქვს. “ფერმერულიორაგული შედარებით იაფია და სუპერმარკეტებში წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძენთ, ველური კი ყველასათვის არ არის ხელმისაწვდომი, თანაც მას მხოლოდ თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით თუ იყიდით. ახალი თევზის რბილობი (ხორცი) მოვარდისფრო-ნარინჯისფერია, სუნი პრაქტიკულად არ აქვს. ორაგულის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ თევზის სხეული არ იყოს ლორწოვანი. თუ მთელ თევზს კი არ ყიდულობთ, არამედ ნაჭერს, გირჩევთ, სხეულის (ტანის) ყველაზე მსხვილი ნაწილი ამოარჩიოთ, რადგან კუდის ნაჭრები უფრო მკვრივია. საჭმელად ახალი ორაგული ჯობს, თუმცა ის მაცივარშიც კარგად ინახება. მთავარია, საგულდაგულოდ შეახვიოთ. სტეიკებისა და ფილეს სახით დაფასოებული თევზის შეძენისას აუცილებლად დააკვირდით, გამლხვალი და განმეორებით გაყინული არ შემოგაპარონ. ორაგულის სტეიკი უნდა იყოს მკვრივი და მშრალი, არ ჰქონდეს ლაქა.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ორაგული მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვიტამინები. არანაკლებ სასარგებლოა ორაგულის ხიზილალა. მასში 30%-მდე იშვიათი და მაღალღირებული ცილაა. გარდა ამისა, ხიზილალა შეიცავს 13%-მდე ადვილად ასათვისებელ ცხიმს. გამორჩეული და სასარგებლოა ის დიდი რაოდენობით ლეციტინის შემცველობის გამოც. ორაგულის ხიზილალაში უხვადაა A, B, D და E ვიტამინები. აგრეთვე ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობას, მათ შორის - რკინა, ფოსფორი, სხვადასხვა ორგანული ნაერთები და მინერალური ნივთიერებები. თუ შევადარებთ ორაგულის ხიზილალის ცხიმს საკუთრივ თევზის შემადგენლობაში შემავალს, აღმოჩნდება, რომ პირველი გაცილებით მეტ იოდს შეიცავს, ამასთან, უფრო მეტად არის გაჯერებული პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ხიზილალის ცხიმში 14%-მდე კარგი ქოლესტერინი და 43%-მდე ლეციტინია. წითელი ხიზილალა მეტად სასარგებლოა. მასში არ არის ნახშირწყლები და მავნე ცხიმები. დადგენილია, რომ წითელი ხიზილალა ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას, კანის დაზიანებული უბნების რეგენერაციას (აღდგენა-განახლებას), წვრილი ნაოჭების გასწორებას და აფერხებს დაბერების პროცესს. საერთოდ, თევზის ქონი, ასპირინის მსგავსად, ათხელებს სისხლს, ამით აფერხებს თრომბების წარმოქმნას და იცავს ორგანიზმს ინსულტისა და ინფარქტისგან. თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების, ტრიგლიცერიდების, დონეს, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს. ის სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის - ანიჭებს მათ დრეკადობასა და ელასტიკურობას. ეს უნიკალური საშუალება ბლოკავს ანთებით პროცესებს, გარკვეულწილად აფერხებს ართრიტის, ფსორიაზის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების, მათ შორის - სიმსივნურის, განვითარებას. მრავალწლიანი კვლევები მოწმობს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვადაა ორაგულში, აფერხებს ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას. ვირთაგვებზე ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ თუ საკვებ რაციონში სისტემატურად ჩავრთავთ სათანადო რაოდენობის ომეგა-3-, სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა მესამედით გაიზარდოს. 100 გრამი ცოცხალი ორაგული საშუალოდ 201 კკალორიას შეიცავს.

No comments: