add by be news

“ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სფეროში მდგომარეობა ბევრად გაუარესდა”

ირაკლი იაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ტერმინალების ინდუსტრიას აჩერებს

საქართველოში ერთერთი მსხვილი გადამზიდავის „ისთ გეით ჯგუფის“ განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო წარუმატებელი გაფორმების ეკონომიკური ზონების შენარჩუნების სანაცვლოდ ტერმინალების ინდუსტრიას აჩერებს.
როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, წინა ხელისუფლება კომპანიებს მოქმედების არეალს უზღუდავდა და თვითონ უწესებდა თუ რომელ ტერმინალში მოახდენდა ტვირთის ჩამოცლას. თუმცა, იაშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მდგომარეობა ბევრად გაუარესდა, რადგან კომპანიებს ბოლომდე ზღუდავენ და ყველა სახის ტვირთის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ჩამოცლას ავალდებულებენ.


ირაკლი იაშვილის პროგნოზით, მდგომარეობა მალე უკონტროლო სიტუაციაში გადავა და ფუნქციაჩამორთმეული ტერმინალების თანამშრომლები ქუჩაში გამოვლენ. ბიზნესმენის თქმით, თითოეულ ტერმინალში 500-მდე ადამიანია დასაქმებული და ფინანსთა სამინისტრო მათ სამუშაო ადგილებს ართმევს. 

შემოსავლების სამსახურის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი წინა ხელისუფლების დროს ტერმინალებში შესვლასა და ტვირთების ჩამოცლას ხელოვნურად ზღუდავდნენ, ამ დროისთვის კი შეზღუდვები აღარ არსებობს და ტვირთის ჩამოცლას მოქალაქეები მათთვის სასურველ საბაჟო ტერმინალში ახდენენ. რაც შეეხება გაფორმების ეკონომიკური ზონების პროექტს, რომლის შეცვლის შესახებაც მედიაში იყო საუბარი, ფინანსთა სამინისტროში ეს არ დაადასტურეს. მათი განცხადებით, სამინისტრო ამ მიმართულებით ცვლილებას არ გეგმავს. დღეისთვის გაფორმების ეკონომიკური ზონები თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, თელავში, ახალციხესა და ქუთაისში ფუნქციონირებს. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით 20-მდე საბაჟო ტერმინალია.

No comments: