რა საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა?
კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა გამოსაცდელი, 3 წლის ვადით დანიშვნა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, ასეთი საფრთხის შემცველი დებულებების შეტანა კამონმდებლობაში დამოუკიდებლობის პრინციპის საწინააღმდეგოა და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
"დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები განსახილველი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი და სამწუხაროდ, ის ახალი ნორმა, რომლის მიხედითაც მოსამართლეები უკვე მხოლოდ გამოსაცდელი, 3 წლის ვადით ინიშნებიან. დაპირისპირება ამ ორ პრინციპს შორის - სწორედ ეს უნდა განვიხილოთ, ასევე ის, აღნიშნული გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში რაიმე კრიტერიუმით უნდა შეფასდეს თუ არა მოსამართლის საქმიანობა. სასამართლო სისტემის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია - 2013 წლის დეკემბრის ბოლოს მოსამართლეთა კონფერენციამ მხარი დაუჭირა განცხადებას, რითაც აღვნიშეთ, რომ გამოსაცდელი ვადა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენი ეს პოზიცია დღევანდელ კონფერენციაზეც დაფიქსირდება. ასეთი საფრთხის შემცველი დებულებების შეტანა კამონმდებლობაში დამოუკიდებლობის პრინციპის საწინააღმდეგოა და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. სულ მცირე კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მონიტორინგის არავითარი კრიტერიუმი არ იქნება შემოღებული და 3 წლით დანიშნული მოსამართლეები შემდეგ ავტომატურად დაინიშნებიან უვადოდ", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა
No comments:
Post a Comment