add by be news

ვინ არის რაინ გრისტი?- საგარეო უწყება ევროკავშირთან კონსულტაცებს მართავს

2008 წლის ომის დროს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, სკანდალური განცხადებებითა და ქმედებებით ცნობილი რაინ გრისტის თბილისში ახალ თანამდებობაზე, ამჯერად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატით დაბრუნებას ქართული საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. თავად გრისტი ჯერჯერობით კომენატრს არ აკეთებს. ოფიციალური თბილისი კი ევროკავშირთან კონსულტაციებს გადის.

ვინ არის რაინ გრისტი?

ბრიტანეთის ყოფილი სამხედრო ოფიცერი რაინ გრისტი უკვე წლებია, რაც გაეროს, ეუთოს თუ ევროკავშირის მანდატით სხვადასხვა საერთაშორისო კრიზისულ მისიებში მუშაობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი თბილისში ეუთოს სადამკვრივებლო მისიის ხელმძღვანელის ტერი ჰაკალას მოადგილე იყო. როგორც ცნობილია, ჰაკალა ომის დღეებში საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, გრისტი ადგილზე ეუთოს ოფისის ლიდერის ფუნქციებს ასრულებდა. 2008 წლის საარქივო მასალებში რაინ გრისტის თაობაზე დაბეჭდილი არაერთი პუბლიკაცია იძებნება. მაგალითად, უოლ სტრიტ ჯურნალი წერს:მას შემდეგ, რაც რუსეთი აგვისტოში საქართველოს დაესხა თავს, მოსკოვმა საერთაშორისო აზრის ტალღის შებრუნება შეძლო, რაშიც კრემლი რაინ გირსტს უნდა უმადლოდეს”.

რაიან გრისტი საქართველოში ცნობილია იმით, რომ მან 2008 წლის 12 აგვისტოს ეუთოს მანქანით გამყოფი ხაზი გადაკვეთა და ცხინვალში ჩავიდა, საიდანაც 15 აგვისტოს დაბრუნდა. მან უოლ სტრიტ ჯურნალს განუცხადა, რომ ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტის, ლირა ცხოვრებოვას დახმარებით, რამდენიმე ადგილობრივ დე ფაქტო მაღალჩინოსანს შეხვდა. ამის შემდეგ გრისტი საქართველოდან გაიწვიეს და თანამდბეობიდან გადააყენეს. უოლ სტრიტ ჯურნალის ცნობით, სწორედ იმ თვითნეობების გამო, რასაც მისი ცხინვალში ჩასვლა უკავშირდებოდა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დასავლურ და რუსულ მედიაში გავრცელდა რაინ გრისტის მიერ მიცემული ინტერვიუები, მათ შორის BBC-სთან, უოლ სტრიტ ჯურნალთან და სხვა გამოცემებთან, სადაც გრისტი ამტკიცებდა, რომ ომის დაწყებამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან არავითარ პროვოკაცია არ განხორციელებულა, რადგან ეს მის მონიტორებს არ დაუფიქსირებიათ. ასევე გრისტი ამბობდა, რომ იგი ეუთოს საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი შეტევის თაობაზე ინფორმაციას დიდი ხნის წინ გადასცემდა, თუმცა ორგანიზაციამ მის რაპორტებს იგნორირება გაუკეთა. გრისტის განცხადებების შესახებ რუსულ მედიაში არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი თუ პუბლიკაცია მომზადდა.

თუმცა 2008 წლის ბოლოს გრისტმა უოლ სტრიტ ჯურნალთან საუბარში უარყო ის სიტყვები, რასაც მას მიაწერდნენ  და თქვა, რომ პრესამ მისი განცხადებები არასწორად გაიგო. გრისტის განმარტებით, მას არასდროს უთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთიდან ომამდე პროვოკაციები არ ყოფილა, უბრალოდ, მან თქვა, რომ თბილისმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

 რუსეთის ჯაშუში?- წინა  ხელისუფლების ეჭვები


“მე ვერ ვიტყვი, რომ გრისტი რუსეთისთვის მუშაობს, მაგრამ ჩვენი საიდუმლო სამსახური ფიქრობს ასე”, - განაცხადა 2008 წელს თემურ იაკობაშვილმა საქართველოს მთავრობის იმდროინდელმა წევრმა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ეჭვებისათვის სრულიად ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, თუმცა ბოკერია თავს იკავებს ისაუბროს იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს საიდუმლო სამსახურს:

“მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ ილაპარაკონ სხვა ასპექტებზე… დღეს კი მე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი არ გახლავართ. მისი მოქმედებები იძლეოდა სერიოზულ საფუძველს ამ ტიპის ლეგიტიმური ეჭვებისათვის და დამატებითი ინფორმაცია ამ ეჭვებს აძლიერებდა, მოდით ასე ვთქვათ… ჩვენ არ გვჭირდება ასე შორს წასვლა იმისთვის, რომ გვქონდეს საკმარისი საფუძველი ამ ადამიანის მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგ”, - აცხადებს ბოკერია.

ამ ტიპის ბრალდებებზე თვითონ რაინ გრისტმა ასევე 2008 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა კომენარი:

“მე დამადანაშაულეს იმაში, რომ თითქოს ვმუშაობდი MI6-სთვის ან KGB-სთვის”, - განაცხადა გრისტმა. “მე უბრალოდ იმის გარკვევა მინდოდა, რა მოხდა სინამდვილეში”

No comments: